"ხელოვანს უყვარს თავისი პროფესია! მისი უმშვენიერესი ჯილდო არის სიხარული წარმატებულად შესრულებული სამუშაოს გამო... მსოფლიო მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როდესაც ყველას ხელოვანის გული ექნება, ანუ თავის საქმეს სიხარულით შეასრულებს."
ოგიუსტ როდენი
სოციალურ-თერაპიული სახელოსნოების მუშაობის ძირითადი პრინციპია საზოგადოებისათვის საჭირო პროდუქციის დამზადება განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებისა და საშტატო პერსონალის ერთობლივი შრომით. შრომისა და დასვენების რიტმი, შრომის ორგანიზაცია, საჭირო ინვენტარი ითვალისწინებს ბავშვობიდან ინვალიდთა თავისებურებებს. შრომის პროცესი ოპერაციებადაა დაყოფილი. შრომის ოპერაციები მარტივია. მათი სწავლა არ მოითხოვს დიდ დროს. შრომის პროცესში შესაძლებელია მძიმე შეფერხებულთა ჩართვაც. სახელოსნოში წარმოებს გუნდური შრომა. განვითარების შეფერხების მქონე ადამიანები დამოუკიდებლად ასრულებენ ყველა ოპერაციას. რეალურად საჭირო პროდუქციის დამზადება, მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი საგრძნობლად ზრდის შეფერხებულთა მოტივაციას. ატმოსფერო სახელოსნოში მეგობრული, საქმიანი და ურთიერთთანამშრომლობითია. ურთიერთობები თანასწორი და კოლეგიალურია. შეფერხების მქონე წევრები შეძლებისამებრ არიან ჩართულნი სახელოსნოს მართვის პროცესში, მუშაობის დაგეგმვასა და შესრულებული საქმიანობების ანალიზში, შეფასება-შეჯამებაში. აპელირება ყოველთვის ხდება მუშაკთა უნარებზე და არა ნაკლზე. სოციალურ-თერაპიული სახელოსნოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს სამუშაო ადგილის დალაგება-დასუფთავება წარმოადგენს; ეს ეხმარება ბენეფიციარებს საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში და ფიზიკური ტერიტორიის გათავისებაში.
სახელოსნოები იღებენ შეკვეთებს.
48 განვითარების შეფერხების მქონე პირი ყოველდღიურად შრომობს სოციალური თერაპიის სახლის 8 სახელოსნოში. ცალკეულ სახელოსნოში მომუშავე ბენეფიციარების რაოდენობა არ არის მკაცრად ფიქსირებული, რადგან სახელოსნოების შემადგენლობა იცვლება როტაციის პრინციპით. ყოველ სახელოსნოში არსებობს 2 ადგილი პრაქტიკანტებისთვის.
იმით, რომ ჩვენს პროდუქციას იძენთ, თქვენ გვიკავშირდებით ჩვენ: ჩვენი უნარებით შექმნილი ნივთები თქვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ და ჩვენს შორის ურთიერთობის უხილავი ძაფები იბმება. როდესაც დაანთებთ ჩვენს მიერ ჩამოსხმულ სანთელს, გადაშლით წიგნსა თუ რვეულს, ისარგებლებთ ჩვენს მიერ დამზადებული ხისა თუ ნაქსოვი ნივთით, იფიქრეთ მათზე, როგორც ჩვენს შორის გადებულ ხიდზე, როგორც მაცნეზე, რომელიც ერთმანეთის არსებობას გვამცნობს, გვაკავშირებს და გვიამბობს ერთმანეთზე: ჩვენ – თქვენს საჭიროებებზე, თქვენ – ჩვენს უნარებზე.
ჩვენი ნაშრომის შეძენით თქვენ გვეხმარებით, რომ ხელი გავუმართოთ ადამიანებს, რომელნიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და თავად მათ უფასებთ თქვენთვის გაწეულ შრომას.