კავშირმა განახორციელა პროექტი „ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე“ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, 2011 წლის 5 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით კავშირის ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქცია გადაეცა თბილისსა და მის შემოგარენში (წყნეთი, კოჯორი, რუსთავი, საგურამო) არსებულ 18 დაწესებულებას, რომლებიც ემსახურებიან მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. საახალწლო საჩუქრები - რვეულები, სახატავები, გასაფერადებლები, საახალწლო სანთლები და ხის პროდუქცია სამზარეულოსთვის - დამზადდა კავშირის სახელოსნოებში. სულ აღნიშნული საჩუქრები მიიღო 18 ინსტიტუციაში მყოფმა 1000-ზე მეტმა ბავშვმა.

კავშირის სახელით მადლობას ვუხდით „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერისათვის და ასევე „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს” პროექტში პარტნიორობისათვის.


ახალი ინიციატივა

ჩვენი კავშირის ერთ-ერთი სამოქმედო პროგრამაა საქართველოში შრომითი და საცხოვრებელი ერთობების შექმნა. ამ პროგრამის ფარგლებში გასული წლიდან დავიწყეთ ახალი სახელოსნოს ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. ფართის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა თუ საჯარო სკოლას. დაწესებულებების ხელმძღვანელები გაგებითა და ინტერესით ხვდებოდნენ ჩვენს ინიციატივას. მათი აზრით, სოციალურ-თერაპიული სახელოსნოს ჩამოყალიბების იდეა მათ დაწესებულებაში საკმაოდ ინოვაციური და საინტერესო იყო. მით უმეტეს, რომ სახელოსნოს მომავალი წევრები რვეულების და ბლოკნოტების კეთებით იქნებოდნენ დაკავებულნი, რასაც შემდგომ ამ სასწავლებელთა სტუდენტები და მოსწავლეები მოიხმარდნენ. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სტუდენტები თუ მოსწავლეები გაიცნობდნენ სახელოსნოს წევრებს, დაუმეგობრდებოდნენ მათ, შეექმნებოდათ შესაბამისი წარმოდგენა მათ უნარებზე და ისწავლიდნენ მათთან ურთიერთობის ფორმებსაც. სამწუხაროდ, ამ დაწესებულებებში სახელოსნოსთვის შესაფერისი ფართის უქონლობის გამო უარს ვამბობდით ამ პროექტის განხორციელებაზე.

2010 წლის შემოდგომაზე იგივე საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, სადაც დაინტერესდნენ ამ საკითხით და გვირჩიეს მიგვემართა მე-200 საჯარო სკოლისათვის (სკოლას ადრე დამხმარე სკოლა ერქვა), რომელთანაც ფუნქციონირებს პანსიონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინა უჯმაჯურიძემ მხარი დაგვიჭირა ამ წამოწყებაში და შემოგვთავაზა პროექტის სრულად ამოქმედებამდე ჩამოგვეყალიბებინა საამკინძაო საქმის შემსწავლელი წრე დამამთავრებელი კლასის (მე-9 კლასი) მოსწავლეთათვის. წრემ მუშაობა დაიწყო 2011 წლის მარტში. 18 მოზარდი ინტერესით ჩაერთო საქმიანობაში. მათ სწრაფად აითვისეს საამკინძაო საქმის საფუძვლები და ამჟამად იმ მასალითა და ინსტრუმენტებით, რომელიც მათ გააჩნიათ საკუთარი მოხმარებისთვის, აწყობენ რვეულებს ჩანახატებისა და ჩანაწერებისათვის. მოზარდებმა დაიწყეს მისალოცი ბარათების კეთებაც. რვეულებისა და მისალოცი ბარათების გარდა ისინი ხატავენ, სოციალურ-თერაპევტთან ერთად საუბრობენ სხვადასხვა თემებზე და საინტერესოდ ატარებენ დროს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, შეხვედრებისას ისინი სულიერადაც ისვენებენ.

ამჟამად კავშირის მენეჯმენტი მუშაობს ახალი სახელოსნოს აღჭურვისა და ფინანსური მდგრადობის საკითხებზე.

ნატა ჩირიკაშვილი