ქრონიკა



კონფერენცია კარლსრუეში

გერმანიაში, ქ.კარლსრუეში ა.წ. 5 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით “ახალგაზრდობა გლობალიზაციის პერიოდში”. კონფერენციას ესწრებოდნენ პარტნიორები მსოფლიოს 21 ქვეყნიდან, რომლებიც მუშაობენ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, სადაც სწავლება ვალდორფის პედაგოგიკას ეფუძნება ან მუშაობენ ორგანიზაციებში, სადაც რ. შტაინერის მიერ შემუშავებულ მსოფლმხედველობას - ანტროფოსოფიას თავიანთ სამუშაო მეთოდად მიიჩნევენ.

კონფერენციის ყველა წევრს აერთიანებს “მოხალისეთა გაცვლით პროგრამაში” მონაწილეობა, რაც გულისხმობს მოხალისეების მუშაობას სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურულ გარემოში ერთი წლის ვადით, მისთვის სრულიად უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან ერთად. ასეთი ორგანიზაციები კვლავაც გამოთქვამენ სურვილს მასპინძლობა გაუწიონ მოხალისეებს თავიანთ ქვეყანაში და ასევე, თავისი მხრიდანაც გააგზავნონ მოხალისეები სხვა ქვეყნისა და კულტურის გასაცნობად.

“კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” სურვილს გამოთქვამს მომავალშიც უმასპინძლოს მოხალისეთა გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადამიანებს და მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს მათთან.

ქეთი იმნაძე



ჩემი პრაქტიკა

სოციალური თერაპიის სახლში პრაქტიკის გავლამ ჩემი ცნობიერება, ვფიქრობ, საგრძნობლად შეცვალა.

არ უარვყოფ, თავიდან ყველას გვეშინოდა, რამე არ გაგვეფუჭებინა, არ ვიცოდი, როგორ უნდოდა განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ თურმე ისევე, როგორც ყველა სხვა ურთიერთობას, არც ამას სჭირდება წინასწარ რაღაცეების ცოდნა და გეგმის მიხედვით მოქმედება. მთავარია ადამიანი იყო, უბრალოდ, უნდა უსმინო. თუ შენ უსმენ, ისიც უეჭველად მოგისმენს, თუ შენგან იგრძნობს ყურადღებას, გულებით გაუგებთ ერთმანეთს.

ჩვენმა მასპინძლებმა პირველივე დღეს გვაგრძნობინეს სითბო და მივხვდით, რომ რაც უნდა რთული იყოს, მათთან ურთიერთობას არაფერი სჯობს. მიუხედავად პატარა სირთულეებისა, აქედან სულ სხვანაირები მივდივართ, მგონი ბევრად უფრო კარგები... რაც მთავარია, ახალი მეგობრები გვყავს - თვალებმოციმციმე ადამიანები, გულებიდან სითბოს რომ ასხივებენ.

ელენე ლორია
თავისუფალი ვალდორფის სკოლის XI კლასის მოსწავლე



ვან გოგის კვირეული

ჩვენი კავშირი უკვე მესამე წელია 30 მარტს ვან გოგის დაბადების დღეს აღნიშნავს. აქციის მიზანია კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ამ დიდი მხატვრის ღირებულებებსა და სამყაროსადმი დამოკიდებულებას, შევეხოთ მის შემოქმედებას და გავიხსენოთ მისი განვლილი ცხოვრებისეული გზა, მისი სწრაფვა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების წესისადმი. გარდა ამისა, ამ აქციით გვსურს, საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვაჩვენოთ, რომ ,,საშუალო სტანდარტული ადამიანების“ გარდა არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ თავში დიდ შინაგან სამყაროს ატარებენ და რომლებიც ელოდებიან შესაფერის დროს და ხელშეწყობას მის გარეთ გამოსატანად.

ამ თარიღის აღნიშნვა თავდაპირველად მოკრძალებულად დავიწყეთ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად. მომდევნო წლებში კი უფრო გავაფართვეთ ჩვენი აქცია და სხვა ორგანიზაციებიც ჩავრთეთ მასში.

წლევანდელ წელს ვან გოგის დღეებში ჩართული იყო: პირველი ნაბიჯი, მშობლების თანადგომა, მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონი, სოციალური თერაპიის სახლი და სოციალურ-თერაპიული სახელოსნო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. აქციის ფრაზა გახლდათ: ,,ადამიანს სულში ცეცხლი უგიზგიზებს, მაგრამ არავის სურს მასთან გათბეს...“ მოქმედება დავიწყეთ 14 მარტს.

თავდაპირველად მოხალისე სტუდენტებმა წაიკითხეს ვან გოგის წერილები, საიდანაც ამოკრიფეს მათთვის საინტერესო გამონათქვამები. შემდგომ, ხუთივე ორგანიზაციის წევრებს გავაცანით ვან გოგის ბიოგრაფია და შემოქმედება. რის შემდეგაც დაიწყო აქციის ყველაზე საინტერესო ეტაპი, ვან გოგის გამონათქვამებზე ჯგუფური ხატვის ეტაპი. თითეული ჯგუფი შედგებოდა სტუდენტებისა და დღის ცენტრების წევრებისაგან. აქციის ფარგლებში, სულ შესრულდა 12 ნახატი. ჯგუფის წევრები შეეცადნენ თავიანთი ფანტაზიით დახატული ნახატით გადმოეცათ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: განა ცოდვაა ვინმე რომ გიყვარს? ან ის, რომ გინდა ვინმეს უყვარდე? ,,განა ცოდვაა სიცოცხლე რომ უსიყვარულოდ არ შეგიძლია? მე კი სწორედ ასეთ სიცოცხლეს ჩავთვლიდი ცოდვად“; ,,ესწრაფე ნათელს“; ,,ეძიებდე თავისუფლებას“; შენს დაწერილ წიგნში, ,,შენს საქციელში, შენს დახატულ სურათში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ, სიცოცხლე შენში უნდა იყოს“ და სხვა... სოციალურ-თერაპიულ სახელოსნოში, რომელიც მდებარეობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, დაინტერესებული სტუდენტებისათვის ჩატარდა ლექცია-საუბარი, რომელიც შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულებებს კაცობრიობის განვითარების მანძილზე, ამ ადამიანების და მათი მხარდამჭერი პირების ბრძოლას, რათა მათ შესძლებოდათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

აქციის საზეიმო ეტაპი გახდა 30 მარტს სოციალური თერაპიის სახლში მოწყობილი შემაჯამებელი შეხვედრა, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი საღამო. შემოქმედებით საღამოზე, მოსულ სტუმრებს წარვუდგინეთ შესრულებული ნახატები, ხოლო სოციალური თერაპიის სახლის წევრებმა სპეციალურად ამ დღისათვის ჩრდილების თეატრის საშუალებით გააცოცხლეს ტერენტი გრანელის ლექსი ,,გაზაფხულის საღამო“, ვალდორფის სკოლადამთავრებულთა ტრიომ და ანსამბლ ,,გორდელას“ ორმა წევრმა მუსიკალურად გააფორმეს ეს არაჩვეულებრივი საღამო...



“სანთელი ჩაუქრობელი”

წვიმიანი დღეა. არ ცივა, მაგრამ უკვე ვგრძნობ ზამთრის სურნელებას... დღეს პირველად მივდივარ პრაქტიკაზე. წინასწარ რაღაც მოლოდინებს არასდროს ვსახავ, არ მინდა სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოვექცე.

ორგანიზაციის კარებთან ვკითხულობ წარწერას -,,სოციალური თერაპიის სახლი“, კარს ვაღებ და... ...დღეს კიდევ ერთხელ შევიცვალე სამყაროზე წარმოდგენა. თუმცა ერთხელ კი არა, უკვე ათასჯერ ნაფიქრით, ათასჯერ განცდილით. კარს აქეთ ჩემი სამყაროა. ზოგჯერ რთული, ხშირად დაუნდობელიც კი. ტკივილითა და სევდით სავსე. ამ კარს იქითა სამყარო კი აღმოჩნდა ფერადი, ლამაზი, პირველყოფილი გულუბრყვილობით სავსე, ჯერ კიდევ შეურყვნელი. არადა ერთ სამყაროში ვცხოვრობთ. ეს კარიც მხოლოდ პირობითია, უბრალოდ... შენ შეძელი იმის შენარჩუნება, რაც დანარჩენმა ადამიანებმა დიდი ხანია დავკარგეთ. რისი? _ გულწრფელობის... შენ და მე ერთმანეთისგან არაფრით განვსხვავდებით. შენც ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი, ორი თვალი... გულიც ორივეს გვაქვს. ჯერ კიდევ საკითხავია, ჩვენ შორის რომელი უფროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. შენ _ რომელიც გრძნობ და ამ გრძნობებს გულწრფელად გამოხატავ... თუ მე, რომელიც ვგრძნობ და ამ ყველაფერს საგულდაგულოდ ვმალავ მრავალი მიზეზის გამო.

მე ახლა შენს სამყაროში ვცდილობ შემოსვლას. შევეცდები რამე მაინც ვისწავლო, რომ არ დამავიწყდეს რა არის ადამიანობა. შენც ჩამჭიდე ხელი... გამიღე შენი სამყაროს კარი. მინდა ვიგრძნო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება ლამაზია, ფერადია... ცხოვრება მარტო იმად ღირს, შენ რომ ანთებულ სანთელს მომაწოდებ, მე სხვას გადავაწოდებ და ასე ავაგიზგიზებთ ერთმანეთში ცხოვრების რწმენის კოცონს.

ვიცი, კვლავ არაერთხელ შემეცვლება სამყაროზე წარმოდგენა, ცხოვრებასაც ათასჯერ შევხედავ სხვა თვალით... მაგრამ ყოველთვის გამახსენდება ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები - ,,მე მომაქვს სანთელი ჩაუქრობელი, მე მინდა გაჩუქო შენ ჩემი ნათელი...“

ცაბუნია ვართაგავა





კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ


ცნობის ფურცელი

2010 წლის დეკემბერი

რეგიონული ტელეკონფერენცია

2010 წლის 30 ნოემბერს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა პირველი რეგიონული
ტელეკონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად
სომხეთში, საქართველოსა და ირანში. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის მთავრობა
ნორვეგიის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და ახორციელებს არასამ-
თავრობო ორგანიზაცია ,,უნისონი“, რომელიც წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხში. პროექტის პარტნიორები
არიან ,,კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებებენ“
(კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში) და ,,ბაავარ ასოციაცია“ (კოორდინატორი
ორგანიზაცია ირანში).
აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთა-
შორისო დღეს - 3 დეკემბერს და მასში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ძირითადი ორგანიზაციები თუ სტრუქტურები
(შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებების
დამცველები და ა.შ) სამივე ქვეყნიდან.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და იმ ძირითადი პრობლემების
განხილვა, რომელსაც აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სომხეთში,
საქართველოსა თუ ირანში. ასევე ადგილობრივი მთავრობების ჩართვა შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


სტუდენტთა პრაქტიკა

ჩვენს ორგანიზაციასა და თსუ-ის სოციალური სამუშაოს საბაკალავრო კურსს შორის
გაფორმდა ხელშეკრულება პრაქტიკის სწავლების შესახებ.
უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა პრაქტიკის დეტალებთან დაკავშირებით. კერძოდ,
პრაქტიკის სწავლების პროგრამა ითვალისწინებს მე-2, მე-3 და მე-4 კურსელების სრულფასოვან
პრაქტიკას სემესტრის მანძილზე.
სოციალური თერაპიის სახლის სახელოსნოებში პრაქტიკას გადის 15 სტუდენტი, თითოეულ
სახელოსნოში ორ-ორი ახალგაზრდა ჩართულია დღის რიტმით დაგეგმილ საქმიანობებში. მათთან
დაგეგმილია კომპლექსური კურსი: პროფესიული მეთოდიკის შესწავლა, პრაქტიკულად
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობა და ურთიერთობა, პრაქტიკული
დავალებები, და დღის ბოლოს დისკუსია თემატიკის მიხედვით.
ახალგაზრდებმა დიდი ენერგია და სიხარული შემოიტანეს ორგანიზაციაში. აღსანიშნავია
ის ფაქტი,რომ სტუდენტებს აქვთ დიდი მოტივაცია, რაც განაპირობებს მათ სრულფასოვან
დასწრებასა და დაგეგმილი საგანმანათლებლო კურსის ათვისებას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სტუდენტების თანმხლები და ,,მასწავლებლები“
გამოდიან და არა ბენეფიციარები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ
არ არსებობს ე.წ. ,,ნორმა” ან ,,გადახრა“. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია
განვითარებაზე, სტაჟიან გამოცდილ და სფეროში დაფუძნებულ ადამიანთან, იქნება ის ლექტორი
თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ახერხებს საკუთარი კვალიფიკაციის
ამაღლებას. ამდენად, ჩვენი ორგანიზაცია, კავშირის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირები ჩვენი სტუდენტებისთვის მასპინძლები და ის ღია მიმღები ადამიანები
არიან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომავალი თაობის პროფესიონალურ ზრდას.

პრაქტიკის ხელმძღვანელი - ლია ასანიშვილი



წლევანდელ სექტემბერს ყველანი ჩუმი სევდითა და გულისტკივილით შევხვდით - 2010 წლის აგვისტოში სერგეიმ - ჩვენი სახლის წევრმა, ყველასათვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა დაგვტოვა და სხვა სამყაროში გადავიდა.
ძალიან ძნელი იყო ეს მძიმე ამბავი გვეთქვა ჩვენი სახლის წევრებისთვის, როგორ შეხვდებოდნენ ისინი მეგობრის დაკარგვას?
სერგეი ხომ პირველი იყო, ვინც ჩვენგან წავიდა.
დილის წრეზე, პირველ დღეს ვთქვით ეს სამწუხარო ფაქტი - ზოგმა უკვე იცოდა,
ზოგმაც მაშინ გაიგო. ძალიან დიდი იყო მათი გულისტკივილი, არასდროს დაგვავიწყდება
ჩვენი სოფოს გულწრფელი ცრემლები...… გადავწყვიტეთ ორმოცი დღის განმავლობაში
ყოველდღე საღამოს წრეზე წაგვეკითხა ლოცვები და იოანეს სახარება. ჩვენ მხოლოდ
ამითი შეგვეძლო სერგეის სულისთვის გაგვეადვილებინა იმქვეყნიური ცხოვრების
დაწყება.
ჩვენს შორის სერგეიმ პირველმა გადალახა ის ზღურბლი, რომელიც ამქვეყნიურს მიღმურისგან
ჰყოფს. მას წილად ხვდა მისია, გაედო ხიდი ჩვენსა და იმ სამყაროს შორის,
რომელში გადასასვლელადაც მთელი ცხოვრება ვემზადებით.
სახელოსნოებში ხშირად ვიხსენებთ ამბებს, რომელიც ჩვენს ძვირფას
მეგობარს უკავშირდება. ეს მოგონებები გვაგრძნობინებს, რომ ჩვენთვის
ის ძალიან ახლობელია და ყოველთვის იცოცხლებს მისი ხსოვნა.

ჩვენი სერიოჟკა

სერგო იყო სახელოსნოს სული და გული, კოლორიტული ადამიანი,ხელოსნის
მარჯვენა ხელი, ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც ის ხელს
მოჰკიდებდა, ასრულებდა დიდი პასუხისმგებლობითა და უდიდესი სიყვარულით.
საქმეც ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, შექება კი დიდ სტიმულს
აძლევდა.
სერგოს წარსული დროით მოხსენიება მე პირადად ძალიან მიჭირს. იმიტომ,
რომ ის იყო კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი. სერგოს გარდაცვალების
გამო სახელოსნოში შეიქმნა ერთი დიდი სიცარიელე, რომელსაც, ვფიქრობ, ვერავინ და ვერაფერი შეავსებს. სერგო იყო
ნიჭიერი ადამიანი, მღეროდა, შესანიშნავად უკრავდა დოლზე. (თვითონაც მხიარული იყო და მთელ სახელოსნოსაც ამხიარულებდა).
ჩვენი სახლისათვის დიდი დანაკლისია ჩვენი სერიოჟკას დაკარგვა 42 წლის ასაკში. მაგრამ რას ვიზამთ? ცხოვრება გრძელდება.
სერიოჟკა ჩვენს გულებში მარად იცოცხლებს და ჩვენ კი - ყოველთვის კეთილი სიტყვით პატივს მივაგებთ მის ხსოვნას.

რ. რაზმაძე

 

მოგესალმებით!

მე გახლავართ ლენა ცენგერი გერმანიიდან. ვარ მოხალისე პროგრამისა “ველთვერტს“ და
პირველი სექტემბრიდან ვცხოვრობ საქართველოში. ეს არის გერმანიის განვითარებად
ქვეყნებთან ურთიერთობის სამინისტროს პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს
წავიდნენ საზღვარგარეთ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სოციალურ პროექტებში.
შესაბამისად, მე ჩამოვედი საქართველოში ერთი წლით და ვმუშაობ ორგანიზაციაში
“კავშირი ადაიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“.
უკვე ორი თვეა საქართველოში ვარ და ძალიან კარგად შევეჩვიე აქაურობას, მიუხედავად
იმისა, რომ ქართული ენა ცუდად ვიცი.
მოგახსენებთ, რომ საქართველო გამიზნულად არ შემირჩევია. აქედან გამომდინარე,
მოუთმენლად ველოდი, მენახა ქვეყანა, რომელზეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი და ძალიან
მოხარული ვარ, რომ საქართველოში აღმოვჩნდი, სადაც სავსე ვარ შთაბეჭდილებებით და
ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას ვიძენ.
მადლიერი ვარ, რომ აქ ასე გულთბილად მიმიღეს, ქართველების სტუმართმოყვარეობა
მართლაც რომ შეუდარებელია.

სოციალური თერაპიის სახლში მუშაობა ძალიან მომწონს, რადგანაც სიამოვნებას მანიჭებს შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათთან ერთად მუშაობა სხვადასხვა სახელოსნოებში. ყველანი ძალიან გულღია
და გახსნილები არიან ახალი იდეებისადმი, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი სურვილები და იდეები მათთან ერთად განვახორციელო.
ჩემი სურვილი იყო წავსულიყავი საზღვარგარეთ, მესწავლა ახალი ენა, გავცნობოდი სხვა კულტურასა და ადამიანებს და დარწმუნებული
ვარ, საქართველოში კარგად მოვახერხებ ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი თვეა აქ ვარ,
საშუალება მქონდა გავცნობოდი უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანს და ვიმედოვნებ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ენას
რაც შეეხება, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნამდვილად იმედი მაქვს, ამ ერთ წელიწადში დავეუფლო ამ რთულ ენას.
ქართული კულტურის შეფასება ერთი წინადადებით ცოტა გამიჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანული კულტურისგან ორი
რამით განსხვავდება. პირველია ტრადიცია, რომელსაც საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც მე მომწონს,
და მეორე, ეს არის სილაღე და ქაოსი, რადგანაც ყველაფერი ისე არ არის დაგეგმილი და გაზომილი, როგორც გერმანიაში.
ყველაფერ ამას აქვს როგორც თავისი დადებითი, ისე უარყოფითი მხარე, თუმცა მე ძალიან მომწონს აქაური ცხოვრების სტილი,
როცა ადამიანები არ წვრილმნდებიან და ისე ზედმიწევნით არ იცავენ წესებს, როგორც გერმანიაში.
გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

ლენა ცენგერი

 

ზურა მოწყობილი

ზურა დაიბადა 1983 წლის 14 ივნისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის ლოგოპედიური სკოლა. ჰყავს დედა, მამა და და. სოციალური თერაპიის სახლში მოვიდა 1999 წელს. ზურამ მოიარა ჩვენი ,,სახლის“ სახელოსნოები და დაფუძნდა სანთლების სახელოსნოში. წლების მანძილზე მიმდინარეობდა მასთან ინდივიდუალური თანხლება და მეთვალყურეობა. ძირითადი პრობლემა იყო კომუნიკაცია და საკუთარი თავის ადექვატურად გამოხატვა. ზურასთან თერაპიული მუშაობა ეყრდნობოდა მეტყველების განვითარებას, გარემოში ადაპტაციას და შრომითი უნარ-ჩვევების გავარჯიშებას. რამოდენიმეწლიანმა შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო. ზურა მხიარული, იუმორის მქონე ახალგაზრდაა. მისი ინტერესების სფერო ფართოა და მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს, შემეცნებით და მგრძნობელობით კუთხეებს.
ზურას წინსვლა საკმაოდ თვალსაჩინოა. მისი მეტყველება უფრო სრულყოფილი და გასაგები გახდა. სიტყვების მარაგი გაიზარდა. შესაბამისად გაიოლდა კომუნიკაცია მეგობრებთან და გარემოსთან. ზურას დახვეწილი ხელი აქვს. მოხდა მისი ნატიფი წვრილი მოტორიკის დახვეწა შრომითი ოპერაციების მეშვეობით.განსაკუთრებით კარგად აზუმფარებს ხის ნაკეთობებს, ამიტომ სახელოსნოში მისთვის შემოგვაქვს სადურგლო სახელოსნოს ნაწარმი: სამზარეულო დაფები და სადგამები.
ზურა დელიკატურად ურთიერთობს გარე პირებთან. თუ ადრე მხოლოდ მსმენელი იყო და არ იჩენდა ურთიერთობის ინიციატივას, ახლა საკმაოდ მხიარულად აბამს კონტაქტს სტუმრებთან, პრაქტიკანტებსა და სტუდენტებთან.
ზურას დამოკიდებულება ახლობლებისადმი, თანამშრომლებისა და საქმისადმი საკმაოდ სერიოზული და პასუხისმგებლობიანია. თავისი იუმორითა და პოზიტივიზმით იმსახურებს სახელოსნოს წევრების სიყვარულს. არ ავიწყდება კომპლიმენტები.
ასე რომ, პატარა ბიჭიდან კეთილგანწყობილი და გახსნილი ახალგაზრდა დადგა. ის ნდობითა და სიყვარულით შესცქერის სამყაროს და თავის ინდივიდუალობას ჩუქნის მას. მთავარია, სამყარომაც გაუხსნას კარი და მიიღოს ეს შესანიშნავი ადამიანი.




მაიკო ტუჩაშვილი

მაიკო ტუჩაშვილი სოციალური თერაპიის სახლში მოვიდა 1997 წლის 2 აპრილს.
თავდაპირველად იყო სანთლების სახელოსნოში. ავლებდა სანთლებს და ერთვებოდა სახელოსნოში მიმდინარე შრომით თუ
თერაპიულ მუშაობებში. რამოდენიმე წელიწადში გადმოვიდა სამზარეულოს სახელოსნოში. ჩვენთან მუშაობის პერიოდში მაკო ძალიან
შეიცვალა, გააქტიურდა, დაიწყო ლაპარაკი და ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც ერთი შეხედვით რთული შესასრულებელი
იყო მისი ფიზიკური მონაცემების ადამიანისთვის.
მაკო ძალიან გამრჯე, შრომისმოყვარე, კეთილგანწყობილი და მშვიდი ადამიანია.
მიუხედავად წყნარი და მშვიდი ხასიათისა, შინაგანად ძალიან აქტიურად არის ჩაბმული სახლის
ცხოვრებაში.
მის თვალს და ყურს არ გამოეპარება პატარა მოვლენაც კი, რომელიც მის გარშემო ხდება.
მაკოს აქვს ძალიან დიდი იუმორის გრძნობა, კარგად ესმის ხუმრობა და თვითონაც ხშირად
ეხუმრება თანამშრომლებს.
მისი საყვარელი საქმიანობაა სერიალების ყურება, იცის ყველა სერიალის სიუჟეტი და გმირების
სახელები.
სახელოსნოს წევრებს ძალიან გვიყვარს მაკო. ის ძალიან უშუალო, შრომისმოყვარე და სიკეთით სავსე ადამიანია.
მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ჩვენთვის.

 

ჩვენი სახლის ახალი წევრები

სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ეთერ კაზალიკაშვილი სოციალური თერაპიის სახლის წევრი გახდა და ამ ხნის განმავლობაში
მაქსიმალურად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.
სოც.თერაპის სახლში ეთერი ჩართულია ყველა აქტიობაში, მღერის ძალიან კარგად, ხატავს, უყვარს პოეზია, იცის ბევრი ლექსი,
რომლებსაც პაუზებზე დიდი სიამოვნებით კითხულობს. ეთერი არის ძალიან მზრუნველი, კონტაქტური და მაქსიმალურად ცდილობს
ჯგუფის ყველა წევრს დაეხმაროს სხვადასხვა საქმიანობებში, შეუქმნას მათ კარგი განწყობა.
კრეატიულ სახელოსნოს ახლახან კიდევ ერთი წევრი - ლევან ოთანაძე შემოუერთდა. იგი 18 წლისაა და სოციუმთან შეგუება
და შრომის რიტმის გათავისება ცოტა უჭირს, თუმცა მოკლე ხანში ლევანი გაცილებით მოწესრიგებული გახდა - ცდილობს ანგარიში
გაუწიოს ჯგუფის დანარჩენ წევრებს, სითბოთი ექცევა ყველას და ყოველ დილას სიხარულით მოდის თავის სახელოსნოში.

 

ჩემი ზაფხულის წარმატებები

მე ვარ მირიან მურადაშვილი. დავდივარ სოციალური თერაპიის სახლში და ვმუშაობ სასადილოში, ქალბატონ მზიასთან. მთელ
დღეს ხალისიან და თბილ გარემოში მიწევს ყოფნა - აქ ყველა გულისხმიერად ეკიდება ერთმანეთს, ყოველ დღე გვიწევს ჩვენი
თანამშრომლებისათვის სადილის კეთება და ამ პროცესში მე სიხარულით ვარ ჩართული.
ამ არდადეგების შემდეგ განსაკუთრებით მომიხაროდა ჩემს სამსახურში, იმიტომ, რომ მეგობრებისთვის უნდა მეხარებინა ჩემი
ზაფხულის წარმატებები.
მე მონაწილეობა მივიღე სპორტულ შეჯიბრში, რომელიც პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში ჩატარდა. ვიყავით ექვსი მონაწილე
საქართველოდან, 58 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მე უნდა მერბინა ას და ორასმეტრიან მანძილზე. აეროპორტში ჩვენ
შევხვდით საქართველოს ელჩს, რომელიც ჩვენთან ერთად წამოვიდა. მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავიღე.
ვარშავაში გვქონდა ჯერ შესარჩევი ტურები, ვვარჯიშობდი აქტიურად, ყოველ დილით. ძალიან ვნერვიულობდი, როცა სტარტზე
დავდექი, გული აჩქარებით მიცემდა. თავი არ დავზოგე და მთელი ძალით გავიქეცი. ასმეტრიან გარბენაში ვერცხლის მედალი
მოვიპოვე, ასევე ვერცხლის მედალი ავიღე ორასმეტრიან გარბენაშიც.
საზეიმო დახურვის ცერემონიალზე გადმომცეს ჯილდოები და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემი იქ ყოფნისას. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული კერძი უნდა გაეკეთებინა, აი,
აქ კი კარგად გამომადგა ჩემი სასადილოში მიღებული გამოცდილება. ისე მოეწონათ ჩემი საქმიანობა სამზარეულოში, რომ
პირველი ადგილი ავიღე, გადმომცეს სერთიფიკატი და მზარეულის წოდება.
ძალიან გახარებული დავბრუნდი შინ და ჩემი ახალი წარმატებებით ყველა ახლობელი გავახარე.

მირიან მურადაშვილი

 

მოხალისეთა კვირეულის დღეები

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი“ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველო“-ს
მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “მოხალისეობა - გზა ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ“.
პროექტში ჩართულები არიან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები. მიზანი კი ამ პროექტისა ისაა, რომ მონაწილე პირებმა განივითარონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ-
ჩვევები, მიიღონ სამუშაო გამოცდილება.
25-26 ნოემბერს სოციალური თერაპიის სახლს ეწვივნენ პროექტში ჩართული
მოხალისეები-ისინი თხუთმეტნი იყვნენ, განაწილდნენ სხვადასხვა სახელოსნოებში
და მთელი დღის განმავლობაში ეხმარებოდნენ აქაურ თანამშრომლებს:
დაასუფთავეს ბაღი, გაწეწეს მატყლი, შეღებეს ხის სათამაშოები, საფუძვლიანად
დაალაგეს სახელოსნოები, რაც მთავარია, ჩვენს სახლში შემოიტანეს
დიდი ხალისი და სიხარული.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი სახლის წევრებს სიურპრიზი მოუწყვეს
- გაუმასპინძლდნენ გემრიელი ტორტით.



ქრონიკა