სოციალური თერაპიის სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები ჩართულნი არიან შრომით, მხატვრულ და კულტურულ საქმიანობებში, რომლებიც დროში რიტმულად არიან განაწილებულნი.
შრომის პროცესი სახელოსნოების წევრების თავისებურებების გათვალისწინებით ისე არის მოწყობილი, რომ შესაძლებელი გახდეს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ერთობლივ საქმიანობაში. აქ ისინი თანამშრომლები არიან და არა ე.წ. ინვალიდნი. სახელოსნოს ხელმძღვანელები და დამხმარეები მათთან ერთად მუშაობენ. სახელოსნოებში მზადდება პროდუქცია, რომელიც ნამდვილად ხარისხიანია, გამოსადეგი და საჭირო სხვა ადამიანებისთვის.
სახელოსნოები ამზადებენ: ცვილისა და პარაფინის სანთლებს, სხვადასხვა სახის საკანცელარიო ნაწარმს, ბეჭდვით პროდუქციას, გობელენებს, თექისა და ხის ყოფით ნივთებს. სახელოსნოები იღებენ დაკვეთებს. მათი წევრები მოხარულნი არიან დაუმზადონ მომხმარებელს სწორედ ისეთი ნაწარმი, როგორიც მას სჭირდება.
მხატვრული და თერაპიული საქმიანობები მოიცავს ხატვას, ძერწვას, მუსიკას, ევრითმიას, სამკურნალო ევრითმიას, დრამას, სხვადასხვა ნაწარმოებების კითხვას, სპეციალურ თამაშობებს.
კულტურული საქმიანობები მოიცავს გამოფენებს, ბაზრობებს, კონცერტებს, სპექტაკლებს, დღესასწაულების აღნიშვნებს, ქალაქგარეთ გასვლებს. სოციალური თერაპიის სახლში რვა სახელოსნოა, სადაც 50 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საქმიანობს. ესენია: საქსოვი, სადურგლო, მინისტამბა-საამკინძაო, სანთლების, შემოქმედებითი და ქაღალდების გადამუშავების სახელოსნოები, ბაღი და სამზარეულო.