თსუ-ს სოციალურ-თერაპიული სახელოსნო

როგორც ცნობილია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის შენობაში უკვე ექვსი წელია ფუნქციონირებს სოციალ-თერაპიული სახელოსნო. თავის დროზე ეს სახელოსნო ჩვენი კავშირისა და თსუ-ს ფსიქოლოგიის ფსკულტეტის ერთობლივი ძალისხმევითა და ფონდ CORDAID-ის (ნიდერლანდები) ხელშეწყობით გაიხსნა. სახელოსნო მიზნად ისახავდა დაესაქმებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ინტეგრირება მოეხდინა საზოგადოებასთან. ეს ჩანაფიქრი, მიუხედავად მრავალი სირთულისა, უკვე განხორციელებულია.

თავიდანვე გულთბილი ურთიერთობა დამყარდა სტუდენტებსა და სახელოსნოს წევრებს შორის. მუშაკები ემსახურებიან სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ამზადებენ რვეულებსა და ბლოკნოტებს, მეორადი ქაღალდისგან აკეთებენ სამკაულებსა დ სათამაშოებს. მთავარი კი ისაა, რომ აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებს ამ სახელოსნოში სასწავლო პრაქტიკის გავლა შეუძლიათ. აქაური სოციალური გარემო მუშაკებისთვის ზუსტად ისეთია, როგორც ე.წ. ,,ჯანმრთელისთვის“.

სიახლეა ის ფაქტი,რომ ამჟამად ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის პროექტის გათვალისწინებით სახელოსნოს მუშაობაში ჩართულია 8 ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი.

სახელოსნოს წევრებს მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება აქვთ, ხშირად აწყობენ ნახატებისა და ნაწარმის გამოფენას, დადიან ექსკურსიებზე, კულტურულ ღონისძიებებზე და ახალ-ახალ სიახლეებსაც გეგმავენ.




სანდრო

სანდრო შოთაშვილი 23 წლისაა და მუშაობს უნივერსიტეტის სოც - თერაპიულ სახელოსნოში. იგი ამ ჯგუფის ერთ-ერთი პირველი წევრია, სწორედ მაშინ მოვიდა ჩვენთან, როცა ეს სახელოსნო ყალიბდებოდა. მაშინდელი სანდრო სრულიად განსხვავებული ადამიანი ოყო, ერთი შეხედვით შეამჩნევდით, რომ მასსა და გარე სამყაროს შორის უდიდესი ბარიერი იყო აღმართული, შეშინებული, დადარაჯებული უყურებდა ყველას და ყველაფერს, უჭირდა გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები. თუმცა ეს გასაკვირიც იყო - თვრამეტ წლამდე მუდმივად სახლში იყო გამოკეტილი, მხოლოდ მშობლების გარემოცვაში. ბებია-ბაბუაც კი ცდილობდნენ მასთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ, რადგან ცერებრალური დამბლით დაბადებული ბიჭი, მათთვის გადაულახავი ტრავმა აღმოჩნდა...
მაგრამ ახალმა ურთიერთობებმა, ჯანსაღმა და ჰუმანურმა გარემომ რადიკალური ცვლილებები მოახდინა - ნელ-ნელა მოხერხდა მისი საოცრად ფაქიზი სამყაროს გახსნა, როგორც კი მიხვდა, რომ მის მიმართ ყველა სითბოთი და ნდობით იყვნენ განწყობილნი და ურთიერთობდნენ თანასწორ დონეზე, სურვილი გაუჩნდა თავისი უნარებით როგორც შეეძლო ჩართულიყო ერთიან სამუშაო პროცესში.
დღესდღეობით სანდრო უკვე სახელოსნოს წამყვანი ძალაა. კარგად აითვისა ძირითადი საქმიანობები - მძივების, სამაჯურების, საყურეების დამზადება მეორადი ქაღალდისგან. იგი ჯგუფში წამყვან როლს ასრულებს დიზაინის შექმნის, მასალის მომზადების, დამუშავებისა და აკინძვის დროს. სანდრო ასევე ხალისითაა ჩართული კულტურულ ღონისძიებებში. იგი საკუთარ შესაძლებლობებს ეჭვით აღარ უყურებს, პიროვნულად გაძლიერდა კიდეც, ამის გამოა რომ თავის თავზე აიღო იმ ბებია-ბაბუის მოვლა, რომლებმაც ერთ დროს მის პრობლემებს ზურგი შეაქციეს.
სანდროს დღეს სულ სხვა დამოკიდებულება აქვს ცხოვრების მიმართ, იგი ხალისიანი და რწმენით აღსავსე ადამიანია.